წითელი კედელი

G. Tsintsadze & D. Chikhladze

წითელი კედელი არის წაგებაზე ორიენტირებული პოდკასტი, რომელიც დათო ჩიხლაძემ და გიორგი ცინცაძემ დააფუძნეს 2019 წელს. ვიწყებთ იმ რესურსებით, რაც გვაქვს და გვესმის, რომ ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ვთვლით რომ მემარცხენე აზრისთვის საქართველოში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავმოძრავდეთ, დავიწყოთ მუშაობა, ვისაუბროთ ბევრი და ვისაუბროთ ღიად - კომპრომისების გარეშე.

  1. 02/24/2021

    წითელი კედელი | შრომა და ემიგრაცია

    საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველად ორ დღეში 55 000 ადამიანი დარეგისტრირდა. რას გვეუბნება ეს რიცხვი? - რომ საქართველოში სამუშაო ადგილი არასაკმარია, რა თქმა უნდა; რომ განუსაზღვრელი მინიმალური ხელფასი მშრომელებს კაბალურ პირობებში აყენებს, რა თქმა უნდა; რომ შეუძლებელია არსებული სახელფასო სიტუაციით მშრომელმა ღირსეულად იცხოვროს, რა თქმა უნდა; რომ მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყანაში, ოჯახიდან შორს, გადახვეწის მძიმე გადაწყვეტილების მიღება არჩევანი კი არა გარდაუვალი მოცემულობაა, რა თქმა უნდა; ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე განაპირობებს ათწლეულების პრობლემას, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საზოგადოებრივ გამოწვევად იქცა საქართველოსთვის. თუმცა შრომით ემიგრაციას სხვა და გაცილებით ღრმა საფუძვლები აქვს, ვიდრე დასახელებული მიზეზებია. ეს საფუძვლები, პირველ რიგში, პოლიტიკური და იდეოლოგიურია. დღეს ვსაუბრობთ შრომის და ემიგრაციის შესახებ და ვცდილობთ გამოვიკვლიოთ შექმნილი მოცემულობის პოლიტიკური განმაპირობებლები. ჩვენი სტუმარია რევაზ კარანაძე.

    1h 29m
  2. 02/12/2021

    წითელი კედელი | ბაკურაუ

    ბაკურაუ” გვიყვება ამბავს იმპერიალიზმის შესახებ. ფილმს მემარცხენე გამოცემებმა დიდი ყურადღება დაუთმეს, მიეძღვნა სტატიები და კრიტიკული რეფლექსიები. ეს გასაკვირი არაა, რადგან რეჟისორები ბრაზილიის პოლიტიკაში აქტიურად არიან ჩართულები და გამოირჩევიან საკუთარი მემარცხენე პოზიციით. “ბაკურაუ” ფილმია ფიქციურ სოფელზე, ბრაზილიის ჩრდილოეთის, სერტაოს, რეგიონში, რომელიც ერთ დღეს რუკიდან გაქრება, მეორე დღეს კი მას თეთრკანიანი მონადირეთა ჯგუფის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. ჯგუფი ბრაზილიაში დასავლეთიდან ჩამოდის და მიზნად აქვს დასახული მოკლას გართობისთვის - ისინი ადამიანებზე ნადირობენ. სოფელი ბაკურაუ და მისი ისტორია არის თითქოს მოდელირება ისტორიის გლობალური სამხრეთის შესახებ. ამიტომ, როცა ვუყურებთ ამ ფილმს, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს გამოწვევები და ბრძოლები ჩვენს ქვეყნებში, ჩვენს ქალაქებში, ჩვენს სოფლებში, რომლებიც წარმოშვეს შინაარსობრივად მსგავსმა ძალთა ურთიერთობის დინამიკამ. ამ ეპიზოდს ბაკურაუს ვუძღვნით, ჩვენი სტუმარია მარიკო ჭანტურია.

    1h 6m
  3. 01/21/2021

    წითელი კედელი | ღრმა ჩაყვინთვა ტრამპიზმის სულში

    შეტევამ კაპიტოლიუმზე შეძრა ამერიკა და გააკვირვა მსოფლიო. წლების განმავლობაში გაღრმავებულმა უფსკრულმა ამერიკის საზოგადოებაში საბოლოოდ ამოხეთქა როგორც ბლოკბასტერმა, დისტოპიურმა საი-ფაიმ. უფსკრულის გაღრმავების მიზეზი ალბათ ერთადერთია, რაზეც დაპირისპირებული მხარეები თანმხდებიან - ტრამპიზმი. დონალდ ტრამპის ეგოცენტრულმა პოლიტიკამ გახლიჩა საზოგადოება და არამარტო ამერიკაში, ბრაზილიაში, პოლონეთში, იტალიაში და მრავალ სხვა ქვეყანაში, ტრამპის წარმატება აღმოჩნდა ლოკომოტივი მემარჯვენე პოპულისტური ძალების წარმატების. მართალია ერთ ვადაში ტრამპს ორჯერ მოუწყვეს იმპიჩმენტი, თუმცა მაინც შეგვიძლია ვთქვათ რომ ტრამპიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვერც ცენტრისტებმა და ვერც მემარცხენეებმა დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მიუხედავად იმისა, რომ ანტი-ტრამპ განწყობა ამერიკაში ცენტრსა და მარცხენას შორის დროებითი ალიანსის საფუძველი მაინც იყო. კაპიტოლიუმის შტურმზე, იმპიჩმენტზე, ინაუგურაციაზე და საერთოდ ტრამპიზმზე, ამ ეპიზოდში ვსაუბრობთ. ჩვენი სტუმარია შოთა პაპავა.

    1h 57m
  4. 01/02/2021

    ბარიერა როხა | პანდემია წელი

    2020 წელი იყო პანდემიის და თვითონ ეს წელიც იყო პანდემია. დრო გავა და პანდემია დაგვრჩება როგორც ზედსართავი სახელი, აღმნიშვნელი რაღაცის საშიშის, დაუძლეველის, გარდაუვალის და მოსაბეზრებელის - 2020 წელი ხომ ზუსტად ამ განცდებს იწვევდა სხვადასხვა პერიოდულობით, ან სულაც ყველას ერთდროულად, მთელ მსოფლიოში, სტოკჰოლმიდან სანტიაგომდე. ეს წელი იმდენად დატვირთული იყო მოვლენებით, რომ თავის თავში დაიტევდა მთელ საუკუნეს - კრიზისს მოსდევდა კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუციები ეცემოდნენ როგორც დომინოს ფიგურები, სახელმწიფოები ეცემოდნენ როგორც დომინოს ფიგურები, მოხდა ბრექსიტი, ამერიკამ დაძლია ტრამპი, საქართველოს ჰქონდა არჩევნები, ჯეფ ბეზოსმა იშოვა იმაზე მეტი ფული ვიდრე ოდესმე ვინმე იშოვის, დავკარგეთ დიეგო მარადონა… ეს ალბათ ყველაზე რთულად შესაჯამებელი წელია, რაც კი გვახსოვს, თუმცა მაინც შევეცადეთ. სტუმრად ჩვენი პოდკასტის ძველი მეგობარი, დათო ლობჟანიძე მოვიწვიეთ და ვისაუბრეთ იმაზე თუ რა იყო და იმაზეც, თუ რას ველით რომ იქნება.

    1h 43m
  5. 12/20/2020

    წითელი კედელი | აფრიკა, ლევანი, წინააღმდეგობა

    ზამთარი მოდის და მოაქვს უიმედობა. ქვეყანას რომელიც სოციალური კატასტროფის წინაშე დგას, კაპიტალისტური კლასი გამოწოვს სისხლის ბოლო წვეთსაც კი. სულ ბოლოს აფრიკის დასახლებაში ადამიანები, თბილისის მერიის განკარგულებით, დატოვეს უსახლ-კაროდ და სრულიად დაუცველი პანდემიის ზამთართან. ორხევში ახალგაზრდა კაცს დედამ დილით სთხოვა ხურდა თუ ჰქონდა დარჩენილი რომ წამალი ეყიდა, კაცმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და - სიცარიელე. ამის შემდეგ კაცი იღებს სათამაში ყუმბარას, შედის მიკროსაფინანსოში და ამ გზით ცდილობს მიიქციოს ხალხის ყურადღება მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ყველას გასაგონად განაცხადოს: დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ! უეჭველია, საქართველო კლასობრივი ჩაგვრისა და შესაბამისად, წინააღმდეგობის ახალ დღის წესრიგს ეცნობა ტელეეკრანებიდან, საგაზეთო განცხადებებიდან, ფეისბუკ ლაივებიდან თუ ქუჩის გრაფიტისგან. მარიამ ვაწაძე აქტიურად მონაწილეობს აფრიკის დასახლების და ლევანის მხარდამჭერ მოძრაობაში, დღეს ის ჩვენი სტუმარია.

    1h 9m
  6. 11/12/2020

    წითელი კედელი | საქართველო წრეზე

    საქართველოს პოლიტიკიდან დიდი ხანია გაქრა ხალხი. ჩვენ გვაქვს ოცდაათწლიანი გამოცდილება ანტიპოლიტიკის, როცა ღირებულებრივი ან იდეოლოგიური მოღვაწეობა გადაფარულია პერსონალური ძალაუფლების ან სიმდიდრისთვის მებრძოლი ჯგუფების ურთიერთქიშპობით. დროსთან ერთად, ეს ქიშპობა ძლიერდება და დაპირისპირებულ დაჯგუფებებს შორის იზრდება დისტანცია. არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა გამოკვეთა ახალი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გაუცხოებას, ანიჰილაციას და მხარეების მიერ ურთიერთდეჰუმანიზაციაზე დგას. პოლარიზაცია იზრდება და არ უჩანს დასასრული, ინტელექტუალური და სამოქალაქო ასპარაზი სრულად არის ოკუპირებული მხოლოდ ორი პარტიის მიერ წარმოებული ნარატივით და არ ტოვებს სივრცეს პოლიტიკური აზროვნებისთვის. საქართველი არის ღრმა სამოქალაქო და პოლიტიკურ კრიზისში და ამაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ. ამ ეპიზოდში ჩვენი სტუმარია თამთა მიქელაზე.

    1h 26m
  7. 10/23/2020

    წითელი კედელი | იპოდრომი

    საზოგადოებრივი სივრცე მუდამ არის ბრძოლის მოედანი სოციალურ გამოყენებასა და კარნახის ვერტიკალს შორის. ადამიანებს ყოველთვის ეუბნებიან თუ როგორ მოიქცნენ კონკრეტულ დროსა და ადგილზე, თუმცა ადამიანები, ხშირად ამ კარნახის საპირისპიროდ, ირჩევენ სივრცის გამოყენების საკუთარ გზას. ასე ათვისებული სივრცეები ქმნიან საზოგადოებრივ ქსოვილს, ადგილებს სადაც ერთმანეთს ვხედავთ, ველაპარაკებით, ვეთამაშებით... ცოტა ხნის წინ მერიამ წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენებას აპირებს. იპოდრომი თბილისის სოციალური ქსოვილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცეა და პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამ სტატუსის დაკარგვის საშიშროება ბევრმა იგრძნო. ამ ეპიზოდისთვის ჩვენს მეგობრებს, მსმენელებს, მსმენელების მეგობრებს ვთხოვეთ გამოეგზავნათ ხმოვანი გზავნილი მათი სოციალური, კულტურული თუ ემოციური კავშირის შესახებ იპოდრომთან. საბოლოოდ ძალიან საინტერესო კრებული მივიღეთ ზეპირი ისტორიების, რომლებიც კარგად აჩვენებენ იპოდრომის სოციალურ მრავალფეროვნებას და უნიკალურ ნიშას, რომელიც ამ სივრცეს ქალაქის ცხოვრებაში უჭირავს.

    1h 13m

Ratings & Reviews

4.9
out of 5
11 Ratings

About

წითელი კედელი არის წაგებაზე ორიენტირებული პოდკასტი, რომელიც დათო ჩიხლაძემ და გიორგი ცინცაძემ დააფუძნეს 2019 წელს. ვიწყებთ იმ რესურსებით, რაც გვაქვს და გვესმის, რომ ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ვთვლით რომ მემარცხენე აზრისთვის საქართველოში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავმოძრავდეთ, დავიწყოთ მუშაობა, ვისაუბროთ ბევრი და ვისაუბროთ ღიად - კომპრომისების გარეშე.